მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



დღეს 13 მაისია! დიდი ტრიუმფიდან 37 წელი გასულა... 13.05.2018

დღეს 13 მაისია, არა მარტო ფეხბურთის ქართველი ქომაგისათვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ღირსახსოვარი თარიღი. თარიღი, რომელიც ახალ და მომავალ თაობებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ 1981 წლის 13 მაისი, არა მარტო ქართული ფეხბურთის, არამედ ქართული სულის ზეობის დღე იყო. ახალი და მომავალი თაობებისთვის ორიოდე სიტყვით ამ დიდ მოვლენაზე გავამახვილებთ ყურადღებას...

ზუსტად 37 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში გერმანული იენის "კარლ ცაისი" გერმანიაში, დიუსელდორფში 2:1 დაამარცხდა და ევროპის ერთ–ერთ პრესტიჟულ ტროფეის დაეუფლა. მართალია, დღეს თასების მფლობელთა თასის გათამაშება აღარ არსებობს, მაგრამ ეს უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩვენი "დინამოს" ამ დიად ტრიუმფს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას მუზეუმში თასების მფლობელთა თასს ცალკე კუთხე აქვს დათმობილი და იმ გუნდების ჩამონათვალიცაა, ვისაც კი ეს ტროფეი მოუგია. იმ მოგებულთა ჩამონათვალშია ერთი წარწერა, რომელიც ჩვენი ფეხბურთის მდიდარი წარსულის დასტურია და ყველა ქართველს სიამაყით აღავსებს. გამარჯვებულთა ჩამონათვალიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს წარწერა ასეთია: 13 მაისი 1981 წელი – თბილისის "დინამო" (საქართველო).

 

ჩვენი "დინამოს" 37 წლის წინანდელი ტრიუმფის გახსენებისას სიამაყის გრძნობა უფრო მეტად გვავსებს თუნდაც იმიტომ, რომ იმ ფინალს "კარლ ცაისი" მინიმალურად იგებდა, მაგრამ ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა (1:1). მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი აფხაზეთის შვილმა, ვიტალი დარასელიამ ინდივიდუალური ოსტატობის საოცარი დემონტრირება მოაწყო და იმდენად ლამაზი, ეფექტური გოლი გაიტანა, რომ თანამედროვე ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც კი დაამშვენებდა... და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს ამ ტრიუფის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, თბილისის "დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი მმართველი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი გახლდათ...

 

 

თუმცა, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ქვემოთ მოცემული ვიდეოლინკის მეშვეობის თავად შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ქართული ფეხბურთის 37 წლის წინანდელ ტრიუმფს და ყველას ერთი ვთხოვოთ, არ დავივიწყოთ, გვახსოვდეს 13 მაისი და ახალი 13 მაისისთვის, ქართული ფეხბურთის ახალი ტრიუმფი მალე გვენახოს...

 

http://www.youtube.com/watch?v=LcYwLV_1NMI#sthash.Upa1YQWH.dpuf

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge