აფხაზეთის ფეხბურთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - სოსო მალანია! | 12.04.2018 |
მიმდინარე წლის 21 მარტს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ამა წლის 12 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდებოდა, რომელზეც დელეგატები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტს აირჩევდნენ... და ეს დღეც დადგა. კონფერენციას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტების მიერ წარდმოდგენილი 12 დელეგატი ესწრებოდა. ესენია: 1. სერგო ჩოგოვაძე (ქ. გაგრის ფეხბურთის ფედერაცია) 2. დემურ კეკელია (სოხუმის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია) 3. ალექსანდრე ჭაავა (გულრიფშის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია) 4. გიორგი ჭანტურიძე (აფხაზეთის ფუტსალის ასოციაცია) 5. მერაბ დგებუაძე (აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა) 6. ვიტალი ბენდელიანი (აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი) 7. ალექსანდრე წულაია (საფეხბურთო კლუბი სოხუმის "ცხუმი") 8. ენვერ თოლორდავა (საფეხბურთო კლუბი ოჩამჩირის "ამირანი") 9. ანზორ მეტრეველი (საფეხბურთო კლუბი გაგრის "გაგრა") 10. მამუკა ბიძინაშვილი (საფეხბურთო კლუბი სოხუმის "დინამო") 11. დავით ქეცბაია (საფეხბურთო კლუბი გალის "მზიური") 12. დავით რუსია (საფეხბურთო კლუბი გულრიფშის "კოლხი") აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ქალბატონი სალომე კიკალეიშვილი და ბატონი გოჩა თამაზაშვილი ესწრებოდნენ. მათ გარდა კონფერენციას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის თავმჯდომარედ მერაბ დგებუაძე აირჩიეს, კონფერენციაზე წარმოდგენილმა 12-ივე დელეგატმა გაიარა რეგისტრაცია და ხმის უფლების მქონე თითო მანდატი მიიღო.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ვეტერანი ფეხბურთელი სოსო მალანია გახლდათ წარმოდგენილი. კონფერენციის დელეგატებმა სოსო მალანია ერთხმად, 12 ხმით აირჩიეს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 1 (ერთი) წლის ვადით.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის უკეთ გასაცნობად მისი ბიოგრაფიის რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ. 53 წლის სოსო მალანია 1964 წლის 26 სექტემბერს ქალაქ სენაკში დაიბადა. ის 1982-85 წლებში სოხუმის "დინამოში" ასპარეზობდა, 1986 წელი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა, ხოლო 1987 წელს თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. 1988-89 წლებში სოსო მალანია სოხუმის "დინამოში" თამაშობდა, 1990-93 წლებში კი სოხუმის "ცხუმის" ღირსებას იცავდა. 1993-94 წლების სეზონი ლანჩხუთის "გურიაში" ჩაატარა, 1994-95 წლების სეზონში ხაშურის "ივერიაში" გაატარა, ხოლო 1995-96 წლებში ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც შოტლანდიურ გლაზგოს "სელტიკთან" საშინაო მატჩშიც ითამაშა. ფეხბურთელის კარიერის ბოლო აკორდი კი ჩინეთში, "სამინში" ჩაატარა. სოსო მალანიას სხვადასხვა კლუბების გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურითაც უთამაშია.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენციაზე, პრეზიდენტად სოსო მალანიას არჩევის გარდა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში, ასევე ერთი წლის ვადით 5 ახალი წევრი აირჩიეს. ესენია: სოსო მალანია, მიხეილ ჯიშკარიანი, როსტევან ფარცვანია, გიორგი ლომაია და გიორგი კაკაბაძე. ასევე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მომდევნო სხდომა, 27 აპრილს ჩატარდება.
|
უკან დაბრუნება |