გრანდიოზული სიურპრიზი მომავალ თაობებს: აპრილიდან აფხაზეთის ჩემპიონ ლიგა ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემა | 17.03.2022 |
დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალ თაობებს გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებს და ეს ჩანაფიქრი რამდენიმე დღეში განხორიელდება. მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის სეზონის ბავშვთა და მოზარდთა გათამაშებების მატჩები ტელევიზიით იქნება ნაჩვენები. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ამ ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის და ტექნიკური საკითხებისათვის, რამდენიმე დღეა საჭირო.
ასე რომ, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ბავშვთა და მოზარდთა გათამაშებები ტელევიზიით გადაიცემა. ამ პროექტის განხორციელება ცენტრალურმა ტელევიზიამ, კერძოდ CTV-მ ითავა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ცენტრალურ ტელევიზია CTV-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი ოფიციალურად, რამდენიმე დღეში გაფორმდება. თებერვალში გამართული პრეზენტაციიდან უკვე ცნობილია, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ გათამაშებებს, 2022 წლიდან ჩემპიონ ლიგა დაერქმევა. CTV-ს ეთერით ნაჩვენები იქნება ჩემპიონ ლიგის, როგორც პირდაპირი რეპორტაჟები, ასევე ვიდეოჩანაწერები, მიმოხილვებს კი ცალკე გადაცემები დაეთმობა. მოკლედ, უკვე შეგვეძლება, რომ ქართული ფეხბურთის მომავალი თაობების თამაშებს, ტელევიზიით მივადევნოთ თვალი. ტელევიზიის ფაქტორი, ბავშვებისა და მოზარდებისათვის, საკმაოდ დიდი მოტივაცია იქნება, რაც დიდად წაადგება მომავალი თაობების წარმატებულ ფეხბურთელებად ჩამოყალიბების საქმეს. |
უკან დაბრუნება |