გენო ზარიას თასი კვლავ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა მოიგო | 07.06.2019 |
5 ივნისს დაიწყო და დღეს, 7 ივნისს დასრულდა, სპორტის ოსტატის, გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი, რომელშიც აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების 6 გუნდი მონაწილეობდა. გათამაშების ორგანიზატორები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური გახლდათ.
ცნობისათვის, გენო ზარია აფხაზეთიდან წამოსული ფეხურთელების წინა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებშიო გენო ზარია სოხუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში" წარმატებულად ასპარეზობდა.
მეტი თვალსაჩინოებისათვის სჯობს, ტურნირის მონაწილე ექვსეული ცალ-ცალკე ჩამოვთვალოთ:
1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო; 2. აფხაზეთის მთავრობა; 3. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო; 4. აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტი; 5. აფხაზეთის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში; 6. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; ტურნირში მონაწილე 6 გუნდი წილისყრის შედეგად ორ ჯგუფში გადანაწილდა. 3-გუნდიანი ჯგუფებიდან პირველ-მეორეადგილოსნები ნახევარფინალში გავიდნენ, მათ შორის გამარჯვებულებმა კი ფინალის საგზური მოიპოვეს. ტურნირის მე-3 ადგილი აფხაზერთის ფინანსთა სამინისტროს გუნდმა დაიკავა. ფინალურ მატჩში კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა მეტოქე, დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და შარშანდელის მსგავსად, წელსაც დაეუფლა გენო ზარიას სახელობის თასს.
ტურნირს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალაშიც მიიღეს მონაწილეობა. გენო ზარიას ხსოვნის ტურნირის ორგანიზატორებმა, ფინალისტების გარდა, სხვა გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
|
უკან დაბრუნება |