უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს!
15 მარტს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
მომხსენებელი გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, ხოლო თანამომხსენებელი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების კოორდინატორი მამუკა ელიკაშვილი.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, სპორტის ამ სახეობის დამსახურებული წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რომლებიც დღესაც, დევნილობაში ზრუნავენ ფეხბურთის განვითარებაზე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აღზრდაზე!
მამუკა ელიკაშვილმა ისაუბრა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, პრიორიტეტებზე, როგორიცაა ინფორმაციის დროული მიწოდება, იმ შეთავაზებებზე რომელსაც აფხაზეთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების მიმართ აკეთებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების განყოფილების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე.
დაისვა შეკითხვები და გაიმართა დისკუსია. აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ მჟავიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა და საპატიო და მადლობის სიგელები გადასცა მოწვეულ სტუმრებს. ისაუბრა მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილ წვლილზე!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
გრიგოლ ცაავა - თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ბონდო კაკუბავა - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
მამუკა ელიკაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების კოორდინატორი.
დავით ჩხეტია - ვეტერანი ფეხბურთელი.
გელა ინალიშვილი - ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი.
მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:
სოსო მალანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ნუგზარ ბოჯგუა - ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი.
თემურ ეთერია - ოჩამჩირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ლევან კვარაცხელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. |