მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



დიდი არბიტრის, ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის პატივსაცემად 26.03.2019

ანატოლი მილჩენკომ, რომელიც ბორჯომში დაიბატა და სოხუმში გაიზარდა, მართლაც რომ მაღალ მწვერვალებს მიაღწია. საბჭოთა კავშირის მსაჯთა შორის, ის გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მსაჯობამდე ის ფეხბურთელი იყო. 1955 წელს მან ბორჯომის "განთიადში" დაიწყო ფეხბურთელის კარიერა და 1964 წელს, ტრავმის გამო, ტკვარჩელის "შახტიორში" დაასრულა, მაგრამ ფეხბურთში დარჩა და მსაჯობას შეუდგა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: თენგიზ კობიაშვილი, ანატოლი მილჩენკო, გურამ გაბისკირია

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 202 მატჩი იმსაჯა. 14-ჯერ მოხვდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო მსაჯთა სამეულში და მსაჯთა სამახსოვრო ოქროს მედალიც დაიმსახურა. 2000 წელს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მე-20 საუკუნის საუკეთესოდ მსაჯად აღიარა. მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, მათ შორის შესარჩევ რაუნდშიც, ჯამში 376 მატჩის არბიტრი გახლდათ. 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მან "უემბლიზე" ინგლისისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მატჩში იმსაჯა. ასევე მთავარი არბიტრი იყო 1979 წელს იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, რომელშიც პირველად გაიბრწყინა 18 წლის დიეგო მარადონამ. ამ ტურნირის შემდეგ, იმავე 1979 წელს ანატოლი მილჩენკო ფიფას კატეგორიის არბიტრად აღიარეს. 1998-2005 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2010-2011 წლებში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდა მსაჯთებს ამზადებდა. მისი მიერ განათლებამიღებული მსაჯები დღესაც მსაჯობენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სტადიონებზე. 2011 წელს, 73 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

 

... აი, ასეთი პიროვნების ხსოვნის საპატივსაცემოდ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, დღეს, დიადი არბიტრის დაბადების დღეს (81 წლის გახდებოდა), ანატოლი მილჩენკოს სახელობის გარდამავალი თასი გაითამაშა, რომელშიც მოქმედმა მსაჯებმა იასპარეზეს. ფინალურ მატჩში "თბილისისა" და "აფხაზეთის" გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გუნდების შემადგენლობები ასეთი გახლდათ

:

აფხაზეთი: ჯენერი ხორავა, ბაკურ ნინუა, ილია იზორია, ზაზა ფიფია, ალექსი ჟივიძე

თბილისი: პაპუნა მაჭარაძე, გიორგი ავაზაშვილი, ბორის ჟვანია, დავით ახვლედიანი, თემურ დადაჰავა;

ფინალურ მატჩში აფხაზეთელებმა 5:3 იმარჯვეს და ანატოლი მილჩენკოს თასს დაეუფლნენ. ტურნირის ორგანიზატორებმა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და პასუხისმგებემა მდივანმა დიმიტრი ჭანტურიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელობამ ავთანდილ შალამბერიძემ, ლევან მიქელაძემ და ხვიჩა გაგნიძემ ორივე გუნდის გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური დიპლომებითა და პრიზით დააჯილდოვეს. ბოლოს კი გამარჯვებულ გუნდს ანატოლი მილჩენკოს სახელობის გარდამავალი თასი გადასცეს. ასე რომ, ერთი წლის ანატოლი მილჩენკოს სახელობის თასი "აფხაზეთისაა". 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge