გენო ზარიას თასი განათლების გუნდმა მოიგო | 15.06.2018 |
13 ივნისს დაიწყო და დღეს, 15 ივნისს დასრულდა მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობდა. გათამაშების ორგანიზატორი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი გახლდათ. რაც შეეხება მონაწილე გუნდებს, ექვსივე გუნდი აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებსა და დეპარტამენტებში მომსახურე პერსონალისგან იყო დაკომპლექტებული. გენო ზარია აფხაზეთელი, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული მცველი გახლდათ. ის სოხუმის "დინამოს" გარდა ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა. მეტი თალსაჩინოებისათვის სჯობს გენო ზარიას სახელობის ტურნირის ექვსივე მონაწილე გუნდი აქვე ჩამოვთვალოთ: 1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო; 2. აფხაზეთის მთავრობა; 3. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო; 4. აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტი; 5. აფხაზეთის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში; 6. აფხაზეთის განათლების სამინისტრო; ტურნირში მონაწილე 6 გუნდი წილისყრის შედეგად ორ ჯგუფში გადანაწილდა. 3-გუნდიანი ჯგუფებიდან პირველ-მეორეადგილოსნები ნახევარფინალში გავიდნენ, მათ შორის გამარჯვებულებმა კი ფინალის საგზური მოიპოვეს. ფინალურ მატჩში აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აფხაზეთის განათლების სამინისტროს გუნდმა მეტოქე 7:4 დაამარცხა და გენო ზარიას სახელობის თასს დაეუფლა. გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებს გენო ზარიას სახელობის თასი და მედლები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე როლანდ ნიჟარაძემ და გენო ზარიას შვილმა, დავით ზარიამ გადასცეს. |
უკან დაბრუნება |