მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ნორჩი დინამო 2008 გამარჯვებულია (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) 10.06.2018

დღეს, 10 ივნისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, მურად ანჯაფარიძე 70 წლის გახდებოდა. სწორედ მის დაბადების დღეს შედგა, მისივე ხსოვნის ტურნირის ფინალი, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ეგიდით ჩატარდა. ორგანიზატორთა შორის იყო უეფას პროგრამა "ღია სახალისო ფეხბურთის" კავკასიის ბიუროს თავკაცობაც, რომლის ოფისიც თბილისში მდებარეობს.

ფინალურ მატჩს, რომელშიც "ნორჩი დინამო 2008" და "ნორჩი დინამო 2009" დაუპირისპირდნენ ერთამანეთს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელთა გარდა, აფხაზეთის მთავრობის, წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და დევნილობაში მყოფი გულშემატკივარი ესწრებოდა.

ფინალური მატჩი, რომელიც ორი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, თაკარა მზის მიუხედავად, საკმაოდ დრამატული გამოდგა. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის შუაწელს კი "ნორჩი დინამო 2008"-ის მორიგი შეტევა გოლით დასრულდა. ამ მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი გაგუამ გაიტანა. ასე რომ, მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირის გამარჯვებული, "ნორჩი დინამო 2008" გახდა, რომლის შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

გიორგი გედელიშვილი, სოსო თვალიაშვილი, ნიკა სეთურიძე, დემეტრე სვანიძე, გიორგი გაგუა, ავთო გიორგაძე, დუტა გაბელია, დაჩი გაბელია, ლუკა მაისურაძე, ნიკა ბარბაქაძე, ნიკა ხულუაშვული. 

ორგანიზატორებმა ტურნირის მონაწილეები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს. ამ პრიზების ჩამონათვალი ასეთია:

1. საუკეთესო მეკარე (ვლადიმერ მარღანიას სახელობის პრიზი) - დემეტრე არდოტელი (ნორჩი დინამო 2009) - პრიზი გადასცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი ლომაიამ;

2. საუკეთესო მცველი (ნიაზ ძიაპშბას სახელობის პრიზი) - ლაზარე ხრიკაძე (ნორჩი დინამო 2009) - პრიზი გადასცა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა სოსო მალანიამ;

3. საუკეთესო ნახევარმცველი (ვიტალი დარასელიას სახელობის პრიზი) - ავთო გიორგაძე (ნორჩი დინამო 2008) - პრიზი გადასცა ვიტალი დარასელიას გამზრდელმა მწვრთნელმა ბონდო კაკუბავამ;

4. ტურნირის ბომბარდირი (რამაზ შენგელიას სახელობის პრიზი) - ცოტნე ხარებავა (5 გოლი; იბერია 2010) - პრიზი გადასცა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიზეილ ჯიშკარიანმა;

5. ყველაზე ტექნიკურტი მოთამაშე (კახი ასათიანის სახელობის პრიზი) - გიორგი გაგუა (ნორჩი დინამო 2008) - პრიზი გადასცა აფხაზეთის მთავრობის სპორტის სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა;

6. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი (დავით ყიფიანის სახელობის პრიზი) - ნიკა ხუჭუა (ნორჩი დინამო 2009) - პრიზი გადასცა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მურთაზ კორსანტიამ;

7. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი - ლუკა ლაგვილავა (იბერია 2010) - პრიზი გადასცა უეფას პროგრამა (ღია სახალისო ფეხბურთის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ.

ტურნირის ფინალისტი "ნორჩი დინამო 2009" აფხაზეთის ავტონომიურტი რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს კი პრიზები მურად ანჯაფარიძის შვილმა მალხაზ ანჯაფარიძემ და შვილიშვილმა ნია ანჯაფარიძემ გადასცეს.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge