მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ალექსანდრე ჩივაძე – 59 08.04.2014.

                     

დღეს, 8 აპრილს ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა. ჩვენი "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, რომელსაც ევროტურნირებზე ასპარეზობისას ერთ–ერთმა იტალიელმა კომენტატორმა, მაღალი დონეზე თამაშის გამო, "პროფესორიც"კი უწოდა, დღეს, 59 წლის გახდა...

 

ჩივაძის საკლუბო კარიეერა მხოლოდ ერთ გუნდს, თბილისის "დინამოს" მოიცავს. მან 1974 წელს მოირგო თბილისის "დინამოს" მაისურა და 1987 წელს სწორედ "დინამოში" დაასრულა მოთამაშის კარიერა. მან საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ეროვნულ გუნდში 46 თამაშში 3 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ნაკრების შმადგენლობაში, ჩივაძემ 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. 1986 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში ჩივაძე კი იყო, მაგრამ, ტრავმის გამო თამაში არ მოუწია.

 

ის, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 2–ჯერ, 1976 და 1979 წელს დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს, 1981 წელს კი კაპიტნის რანგში ჩაიბარა ევროპის თასების მფლობელთა თასი, 1980 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 8–ჯერ იყო დასახელებული, აქედან 7–ჯერ პირველ ნომრად, ერთხელ კი მე–2 ნომრად დაასახელეს. 1980 წელს ოლიმპიური თამაშბის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2001 უეფას ღირსების ორდენით დააჯილდოვეს... – ეს ალექსანდრე ჩივაძის ტიტულებისა და მიღწევების ჩამონათვალია.

 

1993 წელს ალექსანდრე ჩივაძე  საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და 1996 წელს საკუთარი სურვილით დატოვა პოსტი. ჩივაძის მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ასპარეზობისას დღემდე საუკეთესო შედეგი აჩვენა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ გერმანიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ბრძოლაში, 15 ქულა მოიპოვა და მე–3 ადგილი დაიკავა. 1995 წლის 11 ოქტომბერს ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა იმ დროისათვის მსოფლიოს მე–4 ნაკრებად მიჩნეული ბულგარეთის ეროვნული გუნდი თბილისში, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლების წყალობით, ხრისტო სტოიჩკოვით, კრასიმირ ბალაკოვით, ბორისლავ მიხაილოვითა და სხვა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი თბილისში 2:1 დაამარცხა.

 

ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტიდან გადადგომის შემდეგ,მოკლე ხანში, ჩივაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი გახდა. 1998 წელს კი ნოდარ ახალკაციუფროსის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, არჩევნებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა.

 

2001 წლის დეკემბერში ჩივაძეს კიდევ ერთხელ ჩააბარეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2003 წელს საკუთარი სირვილით დატოვა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა. 2003 წელს მერაბ ჟორდანიას გადადგომის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ჩივაძე ხელმძღანელობდა. 2012 წლიდან დღემდე, ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და კვლავ ქართული ფეხბურთის სამსახურშია.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge