მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ანატოლი მილჩენკო 76 წლის გახდებოდა... 26.03.2014.

დღეს, 26 მარტს, ფიფას არბიტრი, საქართველოს მე–20 საუკუნის საუკეთესო მსაჯად აღიარებული ანატოლი მილჩენკო 76 წლის გახდებოდა, მაგრამ...

ის 1938 წლის 26 მარტს ქალქ ბორჯომში დაიბადა. მსაჯობამდე, ანატოლი მილჩენკო ფეხბურთელი გახლდათ. ის ბორჯომის, თბილისისა და სოხუმის საფეხბურთო გუნდებში ასპარეზობდა. შემდეგ კი მსაჯობა დაიწყო. გასული საუკუნის 70–80–იან წლებში ანატოლი მილჩენკო 14–ჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის 10 საუკეთსო არბიტრს შორის. 1976 წლიდან ანატოლი მილჩენკო ფიფას არბიტრია. მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მილჩენკომ არაერთი მაღალი დონის მატჩში იმსაჯა. ანატოლი მილჩენკოს ისეთი ვარსკვლავების მატჩი აქვს ნამსაჯი, როგორებიც არიან, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა, გარი ლინეკერი და სხვები.

1998–2005 წლებში ანატოლი მილჩენკო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს მსაჯთა აკადემია, რომლის აღზრდილები დღეს ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები არიან...

2000 წელს ანატოლი მილჩენკო მე–20 საუკუნის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. 2005–2010 წლებში მილჩენკო საქართველოს 2–გზის ჩემპიონ თბილისის "ვიტ ჯორჯიას" კონსულტანტი გახლდათ. 2010 წლიდან გარდაცვალებამდე, მილჩენკო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდა არბიტრთა მომზადების მენეჯერი იყო. ანატოლი მილჩენკო 2011 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა.

გასულ, 2013 წელს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ინიციატივით, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე იმ სახლში სადაც ანატოლი მილჩენკო, მემორიალური დაფა გაიხსნა. აფფ–ს ორგანიზებით ჩატარდა ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის ტურნირი და დაწესდა ანატოლი მილჩენკოს სახელობის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატების მომსახურე საუკეთესო მსაჯს გადაეცემა...

დღეს, 2014 წლის 26 მარტს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის ტურნირი მსაჯთა შორის ჩატარდა. ფინალურ მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, აფხაზეთის მსაჯთა ნაკრებმა დედაქალქელ კოლეგებს დამაჯერებლად სძლიეს. აფხაზეთის მსაჯთა ნაკრებს, ანატოლი მილჩენკოს სახელობის თასი და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის (აფფ–) პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, აფფ–ს პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია, აფფ–ს პრეზიდენტის თანაშემწე თენგიზ გეგუჩაძე, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა, გენერალური მდივანი რევაზ მგელაძე, ვეტერანი მსაჯები, რევაზ ტალიაშვილი, არტურ სააკიანი, ავთანდილ სამხარაძე, გოჩა ცირდავა, ემზარ ნარმანია და სხვები მონაწილეობდნენ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge