მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს ლეგენდები! 38 წლის წინ, ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა 13.12.2020

38 წელი გასულა იმ სუსხიანი და ტრაგიკული დღიდან, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ პლანეტის მეექვსედი, საბჭოთა კავშირი შეძრა. სწორედ იმ დღეს, 1982 წლის 13 დეკემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ, ქართული ფეხბურთის დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის მთავარი შემოქმედი, გამარჯვების გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია გამოგვაკლო.

კაცი, რომელმაც მხოლოდ მეოთხედი საუკუნე იცხოვრა, მაგრამ ისე ლამაზად იცოცხლა, რომ ბევრის ცხოვრება გაალამაზა... გაალამაზა თავისი ცხოვრებით, თამაშით, ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა. ასეთ ლეგენდეს ევროპაში ძეგლებს უდგამენ... ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ...

ჩვენ უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ ლეგენდები. ისინი, რომელთაც ქართულ ფეხბურთსა და საერთოდ ყველაფერს ქართულს, მარადიულობის ძეგლი დაუდგეს. სწორედ ამიტომ ლეგენდების შესახებ შვილებსა და შვილიშვილებს უნდა ვუამბოთ...

ოჩამჩირის "ამირანის", თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად აღიარებული, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977), ბრინჯაოს პრიზიორი (1976, 1981), თასის მფლობელი (1976, 1979), ევროპის თასების თასის მფლობელი (1981), ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდული ნაკრებიდან 1976), ევროპის ჩემპიონი (საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებიდან 1980)... ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევებისა და ტიტულებისა, რომელიც 1957 წელს, ოჩამჩირეში დაბადებულმა ვიტალი დარასელიამ შეძლო... რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან მხოლოდ მეოთხედი საუკუნე იცხოვრა და ეს ამ მცირე ხანში შეძლო...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ვიტალი დარასელიას ამ მცირე ვიდეოთი იხსენებს და ასევე, ამ ვიდეოთი, ამ ლეგენდას აცნობს მომავალი თაობებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=lG28sfxEJlM&autoplay=1

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge