მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთობა გურჯაანში 26.07.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი სოსო მალანია ყველანაირად ცდილობს  ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში აფხაზეთელთა წვლილის შეტანას. ამის დასტურია აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის ვოიაჟი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და ადგილობრივ ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებთან ამხანაგური მატჩების ჩატარება.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, მიმდინარე წლის მაისში, "აფხაზეთობის" დღეებში აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები სამხრეთ ოსეთისა ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებს გაეჯიბრა და 7:4 იმარჯვა. ამჯერად კი აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გურჯაანს ესტუმრა და ადგილობრივ ვეტერანებს გაეჯიბრა. ასეთი მატჩების ჩატარება აფხაზეთელთა ერთგვარი ზეიმია და ამიტომაც შესაძლოა ამ ზეიმს ვუწოდოთ, "აფხაზეთობა გურჯაანში"...

აფხაზეთისა და გურჯაანის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩი გურჯაანის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და საბრძოლო ფრით, 2:2 დასრულდა. ათუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ამ მატჩის პირველი ნახევარი სტუმრებმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგეს. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ჯიშკარიანმა ანგარიში გახსნა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე მამუკა რუსიამ აფხაზეთელთა ფორა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უფრო ზუსტად გამოიყენეს თავიანთი საგოლე შანსები და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების სასტარტოში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო მალანიას გარდა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი გრიგოლ ცაავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები  და განვლილი წლების გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ. აფხაზეთელთა სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

ირაკლი ზოიძე, როსტევან ფარცვანია, დავით ჭიჭვეიშვილი, ზვიად ჯელაძე, სოსო მალანია, ლევან ქობალია, მიხეილ ჯიშკარიანი, გელა ინალიშვილი, იური გაბისკირია, გრიგოლ ცაავა, მამუკა რუსია.

მეორე ტაიმში, აფხაზეთელთა გუნდში მეკარე ზურაბ ქვაჩახია, ირაკლი ანჩაბაძე და გია ფარფალია გამოჩნდნენ. აღსანიშნავია ის, რომ ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად დაასახელეს გრიგოლ ცაავა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივნის, დიმიტრი ჭანტურიას თქმით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები მსგავს ამხანაგურ მატჩებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში გამართავს, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge